არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ შარჯაში საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩში მაროკოსთან ანგარიშით 0:3 დამარცხდა.
მეტოქემ თავიდანვე შეგვიტია, რასაც ენ-ნესირის გოლი მოჰყვა. მაროკოელები უპირატესობას ფლობდნენ , ტექნიკურად თამაშობდნენ, ორივე ფლანგიდან გვიტევდნენ და ენ-ნესირს გატანა მამარდაშვილმა არ დაანება.
29-ე წუთზე ჰაკიმ ზიეჩმა წინ გამოსულ მამარდაშვილს მოედნის საკუთარი ნახევრიდან თავზე გადაუგდო ბურთი, რამაც ანგარიში 2-მდე გაზარდა.
ცოტა ხანში აფრიკელებს მესამე გოლის გატანა შეეძლოთ, თუმცა მამარდაშვილმა ორჯერ გვიხსნა და პირველი ტაიმი, რომელშიც საქართველოს ნაკრები აშკარად დაიჯაბნა, 0:2 წავაგეთ.
შესვენების შემდეგ მაროკოელთა მწვრთნელმა წამყვანი ფეხბურთელები ჰაკიმი და ენ-ნესირი შეცვალა, თამაში გათანაბრდა, მაგრამ სანიოლის შეგირდები სახიფათო მომენტების შექმნას ვერ ახერხებდნენ.
72-ე წუთზე ჩვენს საჯარიმოში დარტყმული ბურთი ხელზე კვირკველიას მოხვდა და ბუფალმა პენალტით შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ცნობისთვის, აღნიშნული მარცხით შეწყდა საქართველოს ნაკრების 11-მატჩიანი წაუგებელი სერია.