უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის, ალექსანდრ კუბრაკოვის განცხადებით, შავი ზღვის პორტების საშუალებით მარცვლეულის ექსპორტის ინიციატივა 120 დღით გახანგრძლივდება. მინისტრმა „ტვიტერში“ დაწერა, რომ შეთანხმება მიღწეულია გაერო-ს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის. მისი თქმით, მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევაში დიდი წვლილი მიუძღვის თურქეთის პრეზიდენტ რეჟეფ თაიფ ერდოღანსაც. შავი ზღვის პორტების საშუალებით უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმების გახანგრძლივებას ადასტურებს ოფიციალური მოსკოვიც.