ამერიკელმა გამომცემელმა უილიამ რენდოლფ ჰერსტმა, რომელიც პირველ მედიამაგნატად ითვლება ჟურნალისტიკის ისტორიაში, არა მხოლოდ ჰოლდინგი Hearst Corporation და ახალი ამბების ინდუსტრია შექმნა, არამედ პირველმა შემოიღო თემატური რუბრიკები და მოიფიქრა ჭორებზე, სკანდალებზე „ფულის კეთება“. ამასთანავე, სწორედ ჰერსტის სახელს უკავშირდება „ყვითელი პრესის“, „საზოგადოებასთან ურთიერთობის“ ანუ PR-ის მცნებები და მისივე დამსახურებად ითვლება ჟურნალისტის პროფესიის პოპულარიზაცია, როცა ინფორმაციის უსახელო შემგროვებელი ავტორიტეტულ, გავლენიან ფიგურად აქცია და სრული თავისუფლება მისცა რეპორტაჟისთვის თემის შერჩევისას.
მართალია, უმდიდრეს მედიამაგნატს არაერთმნიშვნელოვანი პოლიტიკური შეხედულებებითა და ფუფუნების მანიაკალური სიყვარულით, ბევრი სასტიკ და გაიძვერა საქმოსნად მიიჩნევდა, რადგან არაფერს ერიდებოდა საკუთარი გამოცემის გასაძლიერებლად, მაგრამ ყველა ერთხმად აღიარებდა მის უზარმაზარ გავლენას ამერიკულ ელიტასა და რიგით ობივატელებზე.