ამერიკის შეერთებულ შტატებში ლატარია Powerball-მა გამოაცხადა, რომ ერთ-ერთმა ადამიანმა ისტორიაში ყველაზე დიდი ჯეკპოტი - 2,04 მლრდ აშშ დოლარი მოიგო. ამის შესახებ BBC იუწყება.
მოგებულ პირს, რომლის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, შეუძლია ნაღდი ფულის სახით 997,6 მლნ აშშ დოლარი მიიღოს, ან 29 წლის განმავლობაში სრული თანხა მიიღოს, ე.წ. ანუიტეტის სახით. აქამდე პრაქტიკულად ყველა მოგებული ნაღდი ფულით მოგების მიღების ვარიანტს ამჯობინებდა.
ჯეკპოტის წინა მსოფლიო რეკორდი ასევე Powerball-ს ეკუთვნოდა. მაშინ ლატარიის სამმა მონაწილემ ჯამში 1,59 მლრდ აშშ დოლარი მოიგო.
Powerball-ის ლატარია 1992 წელს დაარსდა. მასში აშშ-ის 45 შტატი მონაწილეობს, კოლუმბიის ფედერალური ოლქი, პუერტო-რიკო და ვირჯინიის კუნძულები. ჯეკპოტის გათამაშება მაშინ ხდება, როდესაც ბილეთში 6 ციფრი ემთხვევა. თუ ასეთი ბილეთი რამდენიმეა, თანხა მოგებულებს შორის განაწილდება.