საქართველო, 2023 წელს, ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება - ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა აშშ-ში, კალიფორნიის შტატის ქალაქ სანტა-როზაში გამართულ ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობს, სადაც მეხუზლამ ადგილწარმოშობის დასახელებებისა და ღვინის ხარისხთან დაკავშირებულ სავაჭრო ბარიერებზე პრეზენტაცია გამართა, ღვინით ვაჭრობის მარეგულირებელ საკითხებსა და საქართველოს ღვინის ინდუსტრიის პოტენციალზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, აღნიშნულ ჯგუფში საქართველოს მონაწილეობის ძირითადი მიზანი ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაზრდა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებაა, რაც საქართველოს ღვინის ინდუსტრიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ცნობისთვის, ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფი წარმოადგენს ღვინის მწარმოებელი ქვეყნების გაერთიანებას.
ორგანიზაციის ძირითადი მიზანია ღვინით ვაჭრობის გამარტივება და ღვინით საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობა.