პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. 2022 წლის 28 აპრილს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა, რაც არასათანადო მოპყრობის აკრძალვას გულისხმობს.
განახლებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2014 წლის 31 დეკემბერს, თბილისში, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მოძრაობის წესების დარღვევის გამო გააჩერეს ავტომანქანით მოძრავი პირი. მოქალაქესა და პოლიციის თანამშრომლებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება, მოქალაქის მიმართ პატრულის ეკიპაჟის ორივე წევრის მხრიდან ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. ძალადობის შედეგად დაზარალებულმა მიიღო სხეულის მრავლობითი დაზიანება.
ფაქტზე 2015 წელს პასუხისგებაში მიეცა პატრულ-ინსპექტორი, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო.