სოფლის განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კომპანიის ,,ბიობამბი’’ ბიოდეგრადირებადი საწრუპი ჩხირების საწარმო ამოქმედდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საწარმოს მოსაწყობად, ინვესტიციის მოცულობამ 150 000 ლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის, სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსება 125,000 ლარია.
სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში“ მენეჯერი ნოდარ კერესელიძე ახლადგახსნილ საწარმოში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ.