საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ჯგუფურად, დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების, მითვისებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე, 4 პირს ბრალდება წარუდგინა.
უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წელს, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, დაზარალებულს შესთავაზეს მის კომპანიაზე დარიცხული საგადასახადო დავალიანების შემცირების, საგადასახადო შეთანხმების გაფორმებისა და კომპანიის ხელმძღვანელი პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან აცილებაში დახმარება, რისთვისაც მას მოსთხოვეს 10 000 აშშ დოლარის გადახდა, რასაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თითქოსდა ქრთამის სახით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთ მაღალი თანამდებობის პირს გადასცემდნენ. დაზარალებულმა ჯგუფის წევრებს 6 500 აშშ დოლარი გადასცა, რასაც ბრალდებულები თაღლითურად დაეუფლნენ.