გამწვანების პროექტის გარეშე მშენებლობის ნებართვა აღარ გაიცემა. განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების, აგრეთვე მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში წარდგენილ დოკუმენტებში გამწვანების პროექტის, როგორც თანამედროვე, გარემოსდაცვითი სტანდარტების მქონე დოკუმენტის არსებობა სავალდებულო გახდება. ამას ითვალისწინებს კანონპროექტი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ.
კანონპროექტი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა. კანონპროექტით გათვალისწინებულია გამწვანების პროექტის დეფინიციის, შეთანხმების წესის და პირობების ჩამოყალიბება. განისაზღვრება გამწვანების პროექტის არსი, შეთანხმების მექანიზმი და ამისთვის შეიქმნება შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლები. პროექტის თანახმად, ინფორმაცია სამშენებლო ობიექტის საინფორმაციო დაფაზე აისახება. გამონაკლისი იქნება ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები.
კანონპროექტის ავტორებმა კომიტეტის რეკომენდაცია გაითვალისწინეს და ახალი რეგულაციის ამოქმედების ვადამ ერთი წლით, 2024 წლის 1-ელ იანვრამდე გადაიწია. ეს დრო გამოყენებული იქნება როგორც კანონქვემდებარე აქტების მოსამზადებლად, ასევე ახალ რეალობასთან პროექტების შესაბამისობაში მოსაყვანად დრო დეველოპერებსაც ექნებათ.