უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინელებმა 72 470-მდე რუსი ჯარისკაცის ლიკვიდაცია განახორციელეს. მათ შორის 650 ჯარისკაცი ბოლო 24 საათის განმავლობაში დაიღუპა.
ამასთან, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 2698 ტანკს, 5501 ჯავშანტექნიკას, 1730 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 276 საბრძოლო თვითმფრინავს და 257 ვერტმფრენს, 4143 ავტომობილს და 397 ფრთოსან რაკეტას. პოლტავას რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, დიმიტრი ლუნინი აცხადებს, რომ პოლტავის ოლქში დღეს დილით სამი რუსული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, რის შემდეგაც ხანძარი გაჩნდა. მისი თქმით, ოთხი რუსული დრონი სამოქალაქო ობიექტებს დაეცა.
ამასთან, ლუგანსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერჰი გაიდაი აცხადებს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ლუგანსკის ოლქში რუსი ოკუპანტებისგან ცხრა დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. მას იმედი აქვს, რომ უკრაინელები უახლოეს მომავალში კიდევ უფრო მეტი დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას შეძლებენ.
გაიდაის თქმით, ბელოგოროვკას, სვატოვოსა და კრემენაიას ტერიტორიები ფრონტის ხაზზე ცხელ ზონებად რჩება.