რუსეთის მიერ მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასი გაიზარდა. ერთი ბუშელის ფასი 5%-ით თითქმის 8 დოლარამდე გაიზარდა. წლიურ ჭრილში ზრდა 9%-ს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი და უკრაინა მსოფლიოს სურსათის უმსხვილეს ექსპორტიორთა შორის არიან. შედეგად, რუსეთის მიერ უკრაინული მარცვლეულის გადაზიდვების ბლოკადა, მიმდინარე წლის დასაწყისიდანვე, გლობალური სასურსათო კრიზისის გამომწვევ მიზეზად იქცა. შეთანხმებიდან რუსეთის გასვლისთანავე, ჩიკაგოს ბირჟაზე ხორბლის ფიუჩერსების ფასმა 5%-ზე მეტით, ხოლო სიმინდმა 2%-ით მოიმატა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთი, შეთანხმების დატოვების გამო, „მსოფლიოს შიმშილობით შანტაჟში“ დაადანაშაულა. უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, დაბლოკილია 218 გემი. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის ქმედებას „აღმაშფოთებელი“ უწოდა, რაც გლობალურ შიმშილობას უფრო მეტად გაამწვავებს, ხოლო აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა რუსეთი საკვების იარაღად გამოყენებაში დაადანაშაულა.