"ბანქოს სახლი" - ერთ-ერთი საუკეთესო პოლიტიკური დრამა, რომელმაც არა მხოლოდ რიგითი მაყურებლის, არამედ ცნობილი პერსონების, მათ შორის ამერიკის პრეზიდენტების ბილ კლინტონისა და ბარაკ ობამას მოწონებაც დაიმსახურა - Palitra News

"ბანქოს სახლი" - ერთ-ერთი საუკეთესო პოლიტიკური დრამა, რომელმაც არა მხოლოდ რიგითი მაყურებლის, არამედ ცნობილი პერსონების, მათ შორის ამერიკის პრეზიდენტების ბილ კლინტონისა და ბარაკ ობამას მოწონებაც დაიმსახურა

2022-10-28 12:30:13+04:00

„ბანქოს სახლმა“ გამოსვლისთანავე მოიპოვა პოპულარობა, რაც პირველ რიგში დევიდ ფინჩერის დამსახურება აღმოჩნდა, რომელმაც მართალია, მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდზე იმუშავა, მაგრამ სწორედ მან განსაზღვრა სერიალის ხასიათი და ერთიანი სტილი, რომლის შენარჩუნებით მისმა მემკვიდრეებმა ერთ-ერთი საუკეთესო პოლიტიკური ტრილერი შექმნეს.

სცენარზე მუშაობისას ავტორებმა BBC-ის მინი-სერიალი გამოიყენეს ფაბულად, რომელიც 1990 წელს შეიქმნა მაიკლ დობსის რომანის „ბანქოს სახლის“ მიხედვით და მაყურებელს ბრიტანეთის უახლესი ისტორიის საკმაოდ რთული პერიოდი - მარგარეტ ტეტჩერის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის შემდეგ განვითარებული მოვლენები შეახსენა.

ლიტერატურული „ბანქოს სახლი“ არა რიგითი ბულვარული რომანი, არამედ ერთის მხრივ, დოკუმენტური, მეორეს მხრივ, ავტობიოგრაფიული ნამუშევარია, რადგან სამწერლო კარიერამდე დობსი სახელმწიფო სამსახურში ირიცხებოდა და ჯერ მარგარეტ ტეტჩერის აპარატს ხელმძღვანელობდა, მერე კონსერვატორული პარტიის მდივნის მოადგილის პოსტს იკავებდა.

ტელენოველის შექმნა ცნობილმა დრამატურგმა და სცენარისტმა ბო უილიამსონმა ითავა, რომელიც თავის დროზე აქტიურად თანამშრომლობდა თეთრი სახლის ადმინისტრაციასთან და გავლენიან მაღალჩინოსნებთან, ამიტომ ხშირად ხდებოდა პოლიტიკური ინტრიგების მოწმე. მეტიც, უილიამსონი ჰილარი კლინტონის სენატში საარჩევნო კამპანიაშიც მონაწილეობდა, რაც მისივე განცხადებით, ფასდაუდებელ გამოცდილებად იქცა, რადგან რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული ფილმის შექმნაში დაეხმარა.

უილიამსონი ცნობილი სერიალების „მოსმენის“ და „მძიმე დანაშაულის“ თავგამოდებული თაყვანისმცემელი აღმოჩნდა, რაც სწრაფად შეამჩნიეს „ბანქოს სახლის“ ფანებმა, რადგან პროექტი არა მხოლოდ სტილისტურად ენათესავება პოპულარულ ტელენოველებს, არამედ რამდენიმე კინოციტატაც ისესხა წინამორბედებისგან.

უილიამსონი შიშობდა, რომ სერიალი სუბიექტურ ხასიათს შეიძენდა და მის მიერ დანახულ სინამდვილედ იქცეოდა, ამიტომ ერთის მხრივ, თავის დასაზღვევად, მეორეს მხრივ, ისტორიისთვის შესაბამისი ტონის შერჩევისა და პოლიტიკური მანევრების სწორად გასავითარებლად კონსულტანტად ძველი მეგობარი, ცნობილი პოლიტიკური სტრატეგი და მრჩეველი ჯეი კარსონი მიიწვია, რომლის წყალობით დინამიურმა, მოვლენებით დატვირთულმა ტელენოველამ სოლიდურობა, სერიოზულობა შეინარჩუნა და არ დაემსგავსა გართობას, ერთგვარ პოლიტიკურ ატრაქციონს.

სერიალის ავტორებმა მეტად შრომატევადი მოსამზადებელი სამუშაოები ჩაატარეს და სკრუპულოზური კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ 1990-იანი წლების ბრიტანული პროექტის მაყურებელი, მეტწილად კევინ სპეისის თაყვანისმცემელი იყო, მრავალრიცხოვანმა გამოკითხვებმა კი, ის ფილმები გამოავლინა, რომლებიც BBC-ის ორიგინალი სერიალის ფანებს მოსწონდათ და სწორედ მათზე დაყრდნობით გადაწყვიტეს მუშაობა.

არ ჩამორჩნენ სცენარისტებს არც მსახიობები, მით უფრო, რომ ბევრი სერიალი ვერ დაიკვეხნის ვარსკვლავთა იმ შემადგენლობით, რომელსაც „ბანქოს სახლმა“ მოუყარა თავი - კევინ სპეისი, რობინ რაიტი, მაჰერშალა ალი და ქეით მარა - დიდი ხანია საკუთარი საქმის ოსტატებად ითვლებიან და სწორედ მხატვრულ კინოში შეძენილი გამოცდილებით შეუდგნენ ე.წ. მცირე ფორმატის პროექტზე მუშაობას.

აღსანიშნავია, რომ გადაღებების დაწყებამდე კევინ სპეისიმ სერიოზული კონსულტაცია გაიარა ნაცნობ პოლიტიკოსებთან, რათა მაქსიმალურად მიეახლოებინა საკუთარი პერსონაჟი რეალობასთან. მართალია, მეტწილად სწორედ სპეისიმ განაპირობა სერიალის წარმატება, მაგრამ თვითონვე გახდა მისი კრახის მიზეზიც.

2017 წელს მსახიობი სერიოზულ სკანდალში გაეხვა, როცა მისმა კოლეგამ ენტონი რეპმა წარსული გაიხსენა და სპეისი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. როგორც აღმოჩნდა, რეპი მაშინ მხოლოდ 14 წლის იყო და შეშინებულს, რომ არავინ დაუჯერებდა, ხმამაღალ განცხადებას ისევ გაჩუმება არჩია. კოლეგის ბრალდების საპასუხოდ, სპეისიმ საკუთარი ჰომოსექსუალურობა აღიარა, თუმცა აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრა არ ახსოვს და გულწრფელად ითხოვს პატიებას ნასვამ მდგომარეობაში ჩადენილი უხამსობისთვის.

მართალია, სპეისიმ ბოდიში მოუხადა რეპს, მაგრამ მოგვიანებით კიდევ 15 დაზარალებულმა, მათ შორის პარტნიორებმა „ბანქოს სახლიდან“ დასდეს ბრალი იმავე დანაშაულში და აღნიშნეს, რომ სპეისი ზოგჯერ მართლაც ამორალურად იქცევა, რაც თავისუფლად შეიძლება იქნას განხილული სექსუალურ ძალადობად.

რა თქმა უნდა, სკანდალი ნეგატიურად აისახა მსახიობზე, რომელმაც ზეწოლას ვეღარ გაუძლო და ელიტარულ კლინიკაში გადაწყვიტა სექსუალური დამოკიდებულებისგან გათავისუფლება, Netflix-ის ხელმძღვანელობა კი, არ დაელოდა სასამართლო პროცესის დასრულებას და შეთანხმების გარეშე გააუქმა მასთან კონტრაქტი.

მხატვრულ კინოში უზარმაზარი გამოცდილების მიუხედავად, ტელეფორმატი მაინც უცხო და საკმაოდ უჩვეულო აღმოჩნდა ორგზის „ოსკაროსანი“ დევიდ ფინჩერისთვის, რომელმაც მართალია, მხოლოდ ორ ეპიზოდზე იმუშავა, მაგრამ სწორედ მისმა ნამუშევარმა განსაზღვრა სერიალის საერთო გამომსახველობითი სტილი და ხასიათი.

ესტაფეტა ფინჩერმა გამოცდილ კოლეგებს გადასცა, რომლებიც თვითონ შეარჩია და დეტალურად აუხსნა სერიალის განვითარების სავარაუდო ვარიანტები. მართალია, ფინჩერმა მხოლოდ მათ გაუწია რეკომენდაცია, ვის ნამუშევრებსაც კარგად იცნობდა და ძალიან მოსწონდა, მაგრამ საერთო ჯამში 6-სეზონიან სერიალზე 25 რეჟისორმა იმუშავა ჯეიმს ფოულის, აგნეშკა ჰოლანდის და თავად რობინ რაიტის ჩათვლით, რომელმაც მთავარი გმირის ფრენკ ანდერვუდის მეუღლეც განასახიერა.

ამბობენ, თითქოს შემოქმედებით ჯგუფს ფინჩერი მეტად ემოციური გამოსვლით დაემშვიდობა. რეჟისორმა პირველ რიგში კოლეგებს მიმართა და აუხსნა, რომ სერიალში უამრავი ვარსკვლავი მონაწილეობდა, რომელთაც სტატუსის შესაფერისი შედეგის მიღება სურდათ და არ ღირდა მათი იმედის გაცრუება, „არაფერი გააფუჭოთ, არავინ გაანაწყენოთ, თორემ მსგავს დანაშაულს არასდროს გაპატიებთ!“ - დაემუქრა ფინჩერი კოლეგებს და მისივე შემუშავებული წესების ნუსხა უსახსოვრა.

როგორც აღმოჩნდა, გადასაღებ მოედანზე მუშაობის პრინციპებს შორის უმთავრესი კამერის სტატიკურ მდგომარეობაში შენარჩუნება იყო ანუ განსაკუთრებული მიზეზის გარეშე ოპერატორს მისი მოძრაობა ეკრძალებოდა, ალტერნატიულ ვარიანტად კი, ხელის კამერის გამოყენება შეეძლო. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამგვარმა ნიუანსებმა განსაზღვრეს სერიალის საერთო სტილი და მისი ორიგინალურობა.

მართალია, თავიდან „ბანქოს სახლი“ მცირებიუჯეტიან, საშუალო დონის პროექტად იყო ჩაფიქრებული, მაგრამ მოსამზადებელი სამუშაოების დროს ნათელი გახდა, რომ ერთი შეხედვით ჩვეულებრივი სერიალი მაყურებლის სიმპათიას დაიმსახურებდა და სეზონის ჰიტი იქცეოდა. აღსანიშნავია, რომ ფილმის ჩვენებაზე ერთდროულად რამდენიმე არხმა გამოთქვა პრეტენზია, რამაც ნამდვილი სააუქციონო ომი გამოიწვია. საბოლოოდ სტრიმინგულმა პლატფორმამ Netflix-მა გაიმარჯვა, რომელმაც ფანტასტიკური პირობები - სერიალის ჩვენებასთან ერთად მისი სრული დაფინანსება შესთავაზა მის ავტორებს და მთელი 100 მილიონი დოლარი გამოუყო, რაც მართლაც სოლიდურ ინვესტიციად იქცა ტელეპროექტისთვის.

სხვათა შორის, „ბანქოს სახლმა“ არა მხოლოდ ტელეშოუს ფორმატი შეცვალა, არამედ ახალი სტანდარტები და თამაშის წესებიც დაამკვიდრა - Netflix-მა პირველმა გაბედა სეზონის ყველა სერიის ერთდროულად გაშვება, რითაც პირველ რიგში მაყურებლის გული მოიგო, რადგან პუბლიკისთვის ფილმის პაუზების გარეშე ნახვა უფრო კომფორტული და საინტერესო აღმოჩნდა, ვიდრე მისი მცირე "ულუფებად" ყურება.

მართალია, სერიალის მოქმედება ვაშინგტონში ვითარდება, მაგრამ გადაღებები მეტწილად მერილენდში, უზარმაზარ საწყობში გაიმართა, რომელიც სერიალის შემქმნელებმა იქირავეს და სწორედ იქ მოაწყვეს თეთრი სახლის ოვალური კაბინეტი და კონგრესის წარმომადგენლობითი პალატა, სამხრეთ კაროლინას გუბერნატორის ოფისი და თავად ანდერვუდის სამსართულიანი სახლი, 2014 წელს კი, დროებით გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შენობაში გადაინაცვლეს, სადაც უსაფრთხოების საბჭოს სხდომათა დარბაზში გააგრძელეს მუშაობა.

შეერთებული შტატების ამოყირავებული დროშა, რომელიც მხატვრებმა სერიალის შემქმნელების დაჟინებული მოთხოვნით დაიტანეს სარეკლამო პოსტერზე, სახელმწიფო სისტემასა და პოლიტიკურ ისტებლიშმენტს განასახიერებს. მართალია, მსგავსი თავნებობა ამერიკაში ვანდალიზმს უტოლდება და კანონით ისჯება, მაგრამ ავტორებმა მაინც არ დაიხიეს უკან და დროშაზე ვარსკვლავების „მოხსნით“ ერთის მხრივ, რეალური სიმბოლოს დაუკარგეს მნიშვნელობა, მეორეს მხრივ, საკუთარი ჩანაფიქრი განახორციელეს და სასჯელსაც დააღწიეს თავი.

მართალია, არც კევინ სპეისი, არც რობინ რაიტი რეალურ ცხოვრებაში არ ეწეოდნენ, მაგრამ საკუთარი პერსონაჟების წყალობით, რომლებიც მუდამ სიგარეტს აბოლებდნენ, თვითონაც თამბაქოზე გახდნენ დამოკიდებული. მეტიც, გადამღები ჯგუფის მტკიცებით, რაიტი შესვენებასაც კი ითხოვდა გადაღებებს შორის, რათა ფინჯან ყავასთან ერთად მშვიდად მოწევის დროც ჰქონოდა.

მართალია, ფრენკ ანდერვუდი გამოგონილი პერსონაჟია, მაგრამ ვაშინგტონის პორტრეტების ნაციონალურმა გალერეამ მაინც შეიძინა მისი უზარმაზარი პორტრეტი და შეერთებული შტატების პრეზიდენტების კოლექციის გვერდით მიუჩინა ადგილი.

„ბანქოს სახლი“ იმდენად პოპულარული გახდა, რომ მალე ციტატებად დაიშალა. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული აქტუალურობა მთავარი გმირის - ფრენკ ანდერვუდის გამონათქვამებმა შეიძინეს, რომელთაც მეტწილად სოციალურ ქსელში ციტირებენ, თუმცა ბევრს წარმოდგენაც არ აქვს, ვის ფრაზებს იმეორებს.

სერიალმა არა მხოლოდ რიგითი მაყურებლის, არამედ ცნობილი პერსონების, მათ შორის ამერიკის პრეზიდენტების ბილ კლინტონისა და ბარაკ ობამას მოწონებაც დაიმსახურა. მეტიც, ობამამ Twitter-შიც კი მიმართა სერიალის ფანებს და სპოილერებისგან მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოუწოდა, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ გავრცელებული ხმების მიუხედავად, სერიალი დამოუკიდებლად, მაღალი რანგის ჩინოვნიკების ჩარევისა და გავლენის გარეშე შეიქმნა.

პოპულარობა მოიპოვა სერიალმა ჩინეთშიც, სადაც „ბანქოს სახლი“ თითქმის 25 მილიონმა ადამიანმა ნახა ჩინოვნიკებისა და მაღალი თანამდებობის პირების ჩათვლით. ამბობდნენ, თითქოს სერიალის მსვლელობის დროს სახელმწიფო აპარატიც კი წყვეტდა მუშაობას, რადგან ჩინელი მაღალჩინოსნები ყოველთვის სხვებზე მეტად ინტერესდებოდნენ თეთრი სახლის ინტრიგებით.

„ბანქოს სახლი“ პირველი ონლაინ-სერიალია, რომელმაც ჯერ „ემის“ პრესტიჟული ტელეპრემია დაიმსახურა საუკეთესო რეჟისორის, ოპერატორის და მსახიობთა ქასთის ნომინაციაში, მერე კი, „ოქროს გლობუსით“ გაამდიდრა საკუთარი კოლექცია. აღსანიშნავია, რომ სწორედ „ბანქოს სახლი“ იქცა ერთგვარ პიონერად, რომელმაც ტელესერიალის ფორმატი შეცვალა და ერთ დროს ბანალური „საპნის ოპერა“ სერიოზულ კონონაწარმოებად აქცია.