„ელვისამდე არაფერი არსებობდა, იყო მხოლოდ სიცარიელე, რომლის შევსებას ვერავინ ბედავდა“, - აღნიშნა ჯონ ლენონმა და მართალიც აღმოჩნდა, რადგან სწორედ ელვის პრესლიმ დაძლია მე-20 საუკუნის მუსიკალური კონსერვატიზმი და სამუდამოდ შეცვალა მსოფლიო მუსიკა.
რა თქმა უნდა, მუსიკალურ სამყაროს მანამდეც უამრავი ბრწყინვალე შემსრულებელი ჰყავდა ფრენკ სინატრასა და ლუი არმსტრონგის ჩათვლით, თუმცა მათ სწორედ ის თავისუფლება და ექსპრესია აკლდათ, რომელიც პრესლიმ დაამკვიდრა სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის შერწყმითა და მეტად თამამი საშემსრულებლო მანერით, უნიკალური ვოკალითა და საოცრად ძლიერი ხმით მანიპულირების იშვიათი ტალანტით.
მართალია, სკოლაში სწავლისას ელვისი არასდროს გამოირჩეოდა განსაკუთრებული მონდომებით, მაგრამ დილის ლოცვას ყოველთვის სიამოვნებით ასრულებდა, რადგან ღრმად მორწმუნე ოჯახში გაზრდილი საკმაოდ კარგად იცნობდა საეკლესიო მუსიკას. სწორედ დაწყებითი სკოლის მასწავლებელმა აღმოაჩინა 10 წლის ელვისის უნიკალური ხმა და კონკურსში მონაწილეობაზეც დაითანხმა. სადებიუტო გამოსვლისთვის პრესლიმ ქანთრი-კომპოზიცია შეარჩია, თუმცა ჟიურის წევრების მოხიბვლა გაუჭირდა და მხოლოდ მეხუთე ადგილს დასჯერდა. სხვათა შორის, პრესლის, რომელმაც სიცოცხლის ბოლომდე ვერ ისწავლა ნოტების კითხვა, არცერთი სიმღერა არ დაუწერია, თუმცა ყოველთვის ბრწყინვალე შემსრულებელი და შოუმენი იყო.
პირველი გიტარა ელვისმა მე-11 დაბადების დღეზე მიიღო საჩუქრად, თუმცა სიხარულის ნაცვლად ცხარე ცრემლით ატირდა, რადგან სულ სხვა საჩუქარს, დიდი ხნის ნანატრ ველოსიპედს ელოდა.
სკოლის დასრულების შემდეგ პრესლიმ ელექტრომექანიკოსის კურსებზე ჩააბარა, თუმცა არჩეული პროფესიით უკმაყოფილომ ჯერ სატვირთოს მძღოლობა სცადა, მერე კინოთეატრში მოეწყო ბილეთების კონტროლიორად, ბოლოს კი დასუფთავების სამსახურს მიაკითხა და კვირაში 45-დოლარიანი ანაზღაურებით ნაგვის გამტანად დაიწყო მუშაობა.
პრესლის მუსიკალური კარიერა სრულიად შემთხვევით დაიწყო 1953 წელს, როცა სიმღერით გადაწყვიტა დედისთვის დაბადების დღის მილოცვა და Sun Records-ის სტუდიაში ჩაწერა რამდენიმე კომპოზიცია. ჩანაწერი სრულიად შემთხვევით მოისმინა სტუდიის მფლობელმა სემ ფილიპსმა, რომელმაც დიდხანს ვერ დაიჯერა, რომ არაპროფესიონალს, მით უფრო თეთრკანიან შემსრულებელს ასეთი ძლიერი ხმა ექნებოდა. ფილიპსი კიდევ ერთხელ შეხვდა პრესლის და ახლა უკვე მისი ქარიზმით მოხიბლულმა გააფორმა კონტრაქტი სადებიუტო ალბომის ჩაწერაზე.
პოპულარულმა კომპოზიციამ Love Me Tender, რომელიც პრესლიმ 1956 წლის აგვისტოს თვეში ჩაწერა, გაყიდვაში ჩაშვებამდე მოიპოვა ოქროს სტატუსი. აღსანიშნავია, რომ სინგლი ელვისმა მუსიკალური ვესტერნისთვის „შემიყვარე ძლიერ“ ჩაწერა, რომლითაც მისი კინოდებიუტი შედგა, თუმცა ფილმის პრემიერას არ დაელოდა და ერთი თვით ადრე შეასრულა ედ სალივანის ცნობილ ტელეშოუში. კომპოზიციამ არნახული აჟიოტაჟი გამოიწვია, კომპანია RCA Records-მა კი, მეორე დღესვე მილიონზე მეტი დაკვეთა მიიღო ფირფიტაზე სიმღერის ჩანაწერით.
აღსანიშნავია, რომ სიუჟეტის მიხედვით, ფილმის ფინალში პრესლის პერსონაჟი იღუპება, რამაც ისე შეაშფოთა მისი დედა, რომ ელვისმა სამუდამოდ თქვა უარი მსგავს ფილმებში მონაწილეობაზე. მართალია, პრესლიმ 31 მსუბუქ დრამასა და მუსიკალურ კომედიაში შეასრულა მთავარი როლი, მაგრამ კინოკარიერამ ნაკლებად გაამართლა, თუმცა ამერიკული კინოს სიყვარული მუსიკოსმა სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა. მეტიც, ხშირად მთელ კინოთეატრს ქირაობდა, რათა მშვიდ გარემოში დამტკბარიყო საყვარელი ფილმების ცქერით. ამბობენ, თითქოს პრესლის განმარტოებული კინოსეანსები ზოგჯერ გადაბმულად რამდენიმე დღე-ღამეც გრძელდებოდა.