სანქცირებული რუსი მილიარდერი მეწარმე მიხაილ ფრიდმანი Alfa Bank-ის აქციების 100%-ის უკრაინის მთავრობისთვის უსასყიდლოდ გადაცემის მზაობას გამოხატავს.მისი განცხადებით, Alfa Bank Ukraine რთულ ფინანსურ მდგომარეობაშია და მას გამართულად ფუნქციონირებისათვის დამატებით ერთი მილიარდი დოლარის კაპიტალი სჭირდება. ფრიდმანის თქმით, კომპანიის აქციონერები მზად არიან Alfa Bank-ში აღნიშნული მოცულობის თანხა დააბანდონ, თუმცა რეკაპიტალიზაციის სანაცვლოდ ფრიდმანი სანქციების ნაწილის მოხსნას ითხოვს. მეორე ალტერნატივად კი ბანკის ნაციონალიზაციას ასახელებს. მისი თქმით, ინვესტორები მზად არიან Alfa Bank-ის აქციები უსასყიდლოდ გადასცენ უკრაინის მთავრობას, თუ ის თავად შეძლებს ბანკის გამართულად მართვას და მისი საჭირო კაპიტალით უზრუნველყოფას.
საქმე ისაა, რომ Alfa Bank-ი უკრაინის მასშტაბით ერთ-ერთი უმსხვილესი სისტემური ბანკია, მისი გადახდისუუნარობა ან გაკოტრება კი ქვეყნის ფინანსური სტაბილურობისთვის უდიდესი ზიანის მომტანი იქნება, შესაბამისად, მთავრობა იძულებული ხდება ბანკი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსოს ან ფრიდმანსა და ბანკის სხვა აქციონერებს რეკაპიტალიზაციის უფლება მისცეს, ეს კი ფრიდმანზე დაწესებული სანქციების ნაწილის მოხსნას ითვალისწინებს.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეროვნული ბანკისთვის გაგზავნილ წერილში ფრიდმანი რეკაპიტალიზაციის სანაცვლოდ სანქციების მოხსნას არ მოითხოვს, თუმცა The Wall Street Journal-ი იუწყება, რომ რუსი მილიარდერის ქმედება სწორედ ამ მიზანს ემსახურება.