გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას კახა კალაძე დამოუკიდებლად ვერ მიიღებს, ეს გადაწყვეტილება ივანიშვილმა უნდა მიიღოს,- ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ლელო თბილისისთვის“ თავმჯდომარემ საბა ბუაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა, სადაც ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაზე ისაუბრა.
როგორც ბუაძე განმარტავს, მმართველი გუნდი კახა კალაძეს არ მისცემს საშუალებას, რომ დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება.
მან მომხდარ ფაქტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას კითხვები აქვს იმ ექსპერტიზაზე, რომელმაც შადრევანი შეამოწმა.
მისივე თქმით, მას ასევე არ სჯერა „გრინსერვის პლუსის“ დირექტორის ლაშა ფურცხვანიძის განცხადების, სადაც აღნიშნავდა, რომ განვითარებული მოვლენები წინასწარგანზრახულ ქმედებას ჰგავს.
შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.