მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებიდან ერთი კვირის თავზე, ძიუდოისტებს მორიგი მნიშვნელოვანი ტურნირი – აბუ დაბის გრანდ სლემი ელით, რომელში მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც მიიღებს.
არაბეთის გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში შეჯიბრი 21-23 ოქტომბერს ჩატარდება და წინასწარი განაცხადის თანახმად, ტატამიზე 12 ქართველ ძიუდოისტს ვიხილავთ.
კაცთა ნაკრების ღირსებას გიორგი სარდალაშვილი, თემურ ნოზაძე, გიორგი თუთაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი, გიორგი ტერაშვილი, ბექა ღვინიაშვილი, უშანგი მარგიანი, ონისე სანებლიძე, გიორგი ბერიაშვილი და ირაკლი დემეტრაშვილი დაიცავენ. ქალთა შეჯიბრში ძალებს ეთერ ლიპარტელიანი და სოფიო სომხიშვილი მოსინჯავენ.
ცნობისთვის, შარშან აბუ დაბიში მხოლოდ ლაშა შავდათუაშვილი იყო ჩასული, რომელიც ნახევარფინალში უზბეკ ხიკმატილოხ ტურაევთან დამარცხდა, რეპეშაჟში კი სლოვენიელ მარტინ ჰოიაკს აჯობა და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.