საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ.) ძიუდოის საერთაშორისო ფედერაციის (IJF) რეტინგში ლიდერობა დაკარგა.შეგახსენებთ, რომ 30 წლის ქართველი ძიუდოისტი უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ტიტულის შესანარჩუნებლად იბრძოდა, თუმცა, მხოლოდ მე-7 ადგილი დაიკავა და კლასიფიკაციაში მე-2 პოზიციამდე დაქვეითდა.
შავდათუაშვილს მონღოლმა ცოგბაატარ ცენდ-ოჩირმა გადაასწრო, რომელიც ტაშკენტში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. მას 6 565 ქულა მოუგროვდა, ლაშას აქტივში კი 6 377 ქულაა. ამავე წონაში 2 242 ქულით მე-10 ადგილზეა გიორგი ტერაშვილი.
81 კგ-მდე წონით კატეგორიაში ლიდერობა გაიმყარა ტატო გრიგალაშვილმა, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული არავის დაუთმო. გრიგალაშვილს 7 496 ქულა მოუგროვდა, რაც მის წონაში ყველაზე საუკეთესო შედეგია.