რა თქმა უნდა, 1980-იანი წლების ფრანგული კინოს ვარსკვლავს, ლეგენდარულ ჟან-პოლ ბელმონდოს კინომოყვარულები კარგად იცნობენ. თითქმის 50-წლიანი კარიერის მანძილზე მსახიობმა 90-ზე მეტ ნამუშევარს მოუყარა თავი საკუთარ ფილმოგრაფიაში და პრაქტიკულად ყველა ჟანრში მოსინჯა შესაძლებლობები.
სადებიუტო ფილმებში ბელმონდომ ბუნტისთავის სახე შექმნა და ევროპელი ახალგაზრდების კერპადაც იქცა, დაღვინებულმა კი, დრამის, კრიმინალური ტრილერის ჟანრში გადაინაცვლა და მილიონობით ქალბატონს შეაყვარა თავი მთელ მსოფლიოში, თუმცა მის მთავარ ღირსებად მაინც ნებისმიერი უარყოფითი პერსონაჟისგან საოცრად მომხიბვლელი, თვითმყოფადი და კოლორიტული გმირის შექმნის უნიკალური ნიჭი იქცა, რომელსაც მაყურებელი ნაკლზე თვალის დახუჭვით ყოველთვის მთელი გულით თანაუგრძნობს.
ჟან-პოლი 1933 წლის 9 აპრილს დაიბადა პარიზის დასავლეთ გარეუბანში. სიცილიური გვარის წყალობით იტალიელები ყოველთვის აქტიურად ეცილებოდნენ ფრანგებს ბელმონდოსთან „ნათესაობაში“. მეტიც, ჟურნალისტებმა გამოძიებაც კი, ჩაატარეს და მესინას პროვინციაში მისი წინაპრების საფლავები მოიძიეს, თუმცა ფრანგებმა მაინც არ დათმეს საყვარელი მსახიობი, რომელიც ედიტ პიაფისა და პიერ კარდენის მსგავსად ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ ითვლება.
ჟან-პოლის მამა ცნობილი მოქანდაკე პოლ ბელმონდო იყო. მცირეწლოვანი ბიჭუნა ხშირად პოზირებდა მამისთვის, რომელიც სწორედ შვილის ანალოგად ძერწავდა კუპიდონების ფიგურებს. სხვათა შორის, პარიზში დღესაც უამრავი შადრევანია გაფორმებული მამა-შვილის ერთობლივი ნამუშევრით. აღსანიშნავია, რომ 1988 წელს, როცა ჟან-პოლი „სეზარით“ დაჯილდოვდა ფილმისთვის „ბედის ნებიერა“, მსახიობმა უარი თქვა პრემიის მიღებაზე და სწორედ ასე გამოხატა საკუთარი დამოკიდებულება მისი ავტორის, მოქანდაკე სეზარ ბალდაჩინის მიმართ, რომელმაც თავის დროზე საკმაოდ ნეგატიურად შეაფასა მისი მამის - უფროსი ბელმონდოს შემოქმედება.
მოზარდი ჟან-პოლი ყოველთვის მოჭარბებული ენერგიით გამოირჩეოდა და უსიამოვნებებშიც ხშირად ეხვეოდა. მეტიც, ჩხუბისა და ხულიგნობისთვის, მომავალი მსახიობი სამჯერ გარიცხეს სკოლიდან, რამაც მშობლებს მისი კრივის სექციაში მიყვანა აიძულა. 18 წლის ბელმონდომ პარიზის ჩემპიონობა მოიპოვა და საფრანგეთის ნაკრებში მოხვდა. მართალია, ერთ-ერთ ორთაბრძოლაში მეტოქემ ცხვირი გაუტეხა, მაგრამ სწორედ ტრავმირებული ცხვირი აქცია არტისტული იმიჯის და ბუნტისთავი პერსონაჟების სავიზიტო ბარათად.
სპორტული წარმატებების მიუხედავად ჟან-პოლმა მაინც მსახიობობა გადაწყვიტა და 20 წლის ასაკში დრამატული ხელოვნების უმაღლეს ნაციონალურ კონსერვატორიაში ჩააბარა, რომლის დასრულების შემდეგ თეატრის სცენაზე გადაინაცვლა და რამდენიმე საინტერესო დადგმაშიც მიიღო მონაწილეობა. მართალია, ბელმონდოს კინოდებიუტი 1956 წელს შედგა ეპიზოდური როლით ნორბერტ ტიდიანის მოკლემეტრაჟიან ფილმში „მოლიერი“, მაგრამ რეჟისორი უკმაყოფილო დარჩა ახალბედა მსახიობის ნამუშევრით და ყველა სცენა ამოჭრა მისი მონაწილეობით.
არ გაუმართლა ბელმონდოს არც ცნობილ რეჟისორებთან მარკ ალეგრესა და მარსელ კარნესთან თანამშრომლობით, რომელთაც არასტანდარტული გარეგნობა დაუწუნეს და ისევ სპორტულ ცხოვრებას დაბრუნება ურჩიეს, თუმცა სწორედ მაშინ გამოჩნდა ახალგაზრდა ჟან-ლიუკ გოდარი, რომელიც მასავით პირველ ნაბიჯებს დგამდა კინოში.