ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით , ვაკე-საბურთალოს პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. გამოიკითხნენ, როგორც დედაქალაქის მერიის, ასევე კომპანია „გრინ სერვისის“ ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები. გამოკითხულთა შორის იყო ასევე აღნიშნული კომპანიის დამფუძნებელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი. კითხვებს უპასუხეს ტრაგიკული შემთხვევის თვითმხილველებმაც.
ცნობისთვის, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.