ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რუსეთი გააფრთხილა, რომ „ძალიან მნიშვნელოვანი ხაზი გადაიკვეთება“, თუ ის უკრაინაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.
სტოლტენბერგის განცხადებით, ის არ გაამჟღავნებს თავდაცვის ალიანსის სავარაუდო რეაქციას ასეთ სიტუაციაში, მაგრამ აღნიშნა, რომ ამას „სერიოზული შედეგები" ექნება.
ნატოს გენერალურმა მდივანმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინა ნატოსგან უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემებს მიიღებს, რათა დაიცვას რუსული თავდასხმებისგან სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
მისივე თქმით, ნატოს ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტის ფარგლებში, უკრაინა მიიღებს საწვავს, ზამთრის ტანსაცმელს და მედიკამენტებს.
სტოლტენბერგმა ასევე განაცხადა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ალიანსი დაეხმარება უკრაინას საბჭოთა იარაღიდან ნატოს თანამედროვე იარაღზე გადასვლაში.