ვფიქრობ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები კარგია, მაგრამ ის შეიძლება ამაზე უკეთესიც იყოს, ვიდრე ახლაა - მნიშვნელოვანია, რომ ქართველები გაერთიანდნენ და იყვნენ იმ მდგომარეობაში, რომ ამ მხარდაჭერის მიმღებნი გახდნენ,- ამის შესახებ საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ საუბრისას განაცხადა.
კოლასის თქმით, აუცილებელია რეფორმების დღის წესრიგზე ფოკუსირება.
„სამი წელია, რაც აქ ვარ და მე უარი ვთქვი უცხოელების მიერ ქართული პოლიტიკის შესახებ კომენტარების გაკეთების პრაქტიკაზე, რაც არ მგონია ჯანსაღი პროცესი იყოს. ვფიქრობ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები კარგია, მაგრამ ის შეიძლება ამაზე უკეთესიც იყო, ვიდრე ახლაა. ჩვენ გვსურს მხარი დავუჭიროთ საქართველოს. მნიშვნელოვანია, რომ ქართველები გაერთიანდნენ და იყვნენ იმ მდგომარეობაში, რომ ამ მხარდაჭერის მიმღებნი გახდნენ. ამისთვის აუცილებელია ფოკუსირება რეფორმების დღის წესრიგზე, პროდასავლურ დღის წესრიგსა და ერთიანობის მინიმალურ ხარისხზე, რათა აშენდეს ეს ჯანსაღი, ძლიერი დემოკრატია, რომლის მოლოდინიც გვაქვს, რომ ვიხილავთ საქართველოში.
კოლასმა ასევე, შეაფასა საქართველოს მიერ ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების პროცესი და აღნიშნა, რომ პარლამენტში შექმნილი ჯგუფების საქმიანობა მნიშვნელოვანია. კოლასი ოპოზიციას მოუწოდებს, პროცესს შეუერთდეს.
„პარლამენტში შექმნილი ჯგუფების სამუშაო პროცესი და საკანონმდებლო საქმიანობა, რომელიც მიმდინარეობს, ვფიქრობ, საინტერესო და მნიშვნელოვანი ელემენტია ამ პირობების შესასრულებლად და ეს სწორი ნაბიჯია. მე ნამდვილად შემიძლია მოვუწოდო ყველას, ჩაერთონ ამ პროცესში და მოუსმინონ ერთმანეთს. ვიცი, რომ „ქართულ ოცნებას“ სურს, ოპოზიცია შეუერთდეს ამ პროცესს და ვფიქრობ, ისინი მართლები არიან. ისინი მზად უნდა იყვნენ მოისმინონ ოპოზიციის სათქმელი. ისინი მზად უნდა იყვნენ, თანაბრად მოუსმინონ იმას, თუ რას იტყვის სამოქალაქო საზოგადოება ამ პროცესის შესახებ. ეს უნდა იყოს ძალიან ინკლუზიური პროცესი და როგორ მიმდინარეობს ეს ყოველივე, სულ მცირე, ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც შედეგი.
პირველი ნაბიჯები მამხნევებს, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯებია და ჯერ კიდევ ადრეა დასკვნის გაკეთება, წარმატებული იქნება თუ არა პროცესი. კარგია, რომ პროცესი დაიწყო. ახლა მან კარგი შედეგები უნდა გამოიღოს.
გარდა ამისა, საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რომ ეს საკანონმდებლო დღის წესრიგი დადებით ნარატივად იქცეს. ასე რომ, მეტია საჭირო, ვიდრე ამ საკანონმდებლო პროცესის წარმატებულად დასრულება. ასევე, მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ საქართველო გადავიდეს სიტუაციიდან, როდესაც მის შესახებ მხოლოდ მაშინ გვესმის, როცა იქ რაღაც ხდება, რაც კითხვებს აჩენს, არამედ როდესაც ჩვენ გვაქვს საქართველოდან კარგი ამბების სერია. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ეს პოზიტიური განვითარება მოხდეს და გვქონდეს საქართველოდან წამოსული ერთი მეორეზე კარგი ამბები და პოზიტიური ნარატივებიც. ზოგიერთი ნარატივი, რომელიც ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობასთან კონფლიქტში შედის, პრობლემურია“, - განაცხადა დიეგო კოლასმა.