მსგავსი ტრაგედია არ უნდა განმეორდეს და არავინ უნდა განიცადოს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე განაცხადა, რითაც ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას გამოეხმაურა.
ზურაბიშვილი გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს და მთელ საქართველოს უსამძიმრებს.
„შეუძლებელია ვიპოვო სიტყვები მომხდარზე სასაუბროდ. მსგავსი ტრაგედია არ უნდა განმეორდეს და არავინ უნდა განიცადოს. როგორც ადამიანი შეძრული ვარ და ვიზიარებ მშობლების, ოჯახისა და მთელი საქართველოს ტკივილს”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. ერთი ბავშვი ამ დრომდე იაშვილის კლინიკაში რჩება, ერთი კი „ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკაშია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.