უკრაინამ საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან 1.3 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის დამატებითი გადაუდებელი დაფინანსება უკვე მიიღო, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი „ტელეგრამში“ წერს.
„უკრაინამ მიიღო 1.3 მილიარდი დოლარის დამატებითი გადაუდებელი დაფინანსება საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან. თანხები მოხმარდება პრიორიტეტული საჭიროებების დაფინანსებას: თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, პენსიების გადახდას, სოციალურ პროგრამებს და ეკონომიკის მხარდაჭერას“, - წერს პრემიერ-მინისტრი.
მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა უკრაინას, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, საერთო ჯამში, 2.7 მილიარდი აშშ დოლარი გამოუყო. გარდა ამისა, უახლოეს მომავალში უკრაინის მთავრობა და საერთაშორისო სავალუტო ფონდი ახალი სპეციალური პროგრამის მომზადებას დაიწყებენ, რომელიც მომავალი წლიდან ამოქმედდება.
„მადლობელი ვართ ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეების, მათი ურყევი მხარდაჭერისთვის", - აცხადებს შმიგალი.