საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სასამართლოს განჩინების საფუძველზე ერთი პირი დააკავა.
პროკურატურის განცხადებით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაზარალებულმა საქართველოს მოქალაქემ, ოჯახთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაოდ წასვლის მიზნით, სოციალური ქსელის - „FACEBOOK“-ის ერთ-ერთ ჯგუფში მოიძია ვინმე „ნინოს“ საკონტაქტო ნომერი, რომელიც თითქოსდა მექსიკის გავლით ამერიკის შეერთებული შტატების სასაზღვრო პუნქტამდე მოქალაქეთა გადაყვანას უზრუნველყოფდა.
მათივე ცნობით, დაზარალებული დაუკავშირდა ხსენებულ პირს, რომელმაც განუცხადა, რომ ის და მისი შვილი იმყოფებოდნენ აშშ-ში და მექსიკამდე სპეციალური ტურისტული მოწვევების გამოყენებით, ხოლო შემდგომ მექსიკიდან ამერიკის შეერთებულ შტატებამდე, საქართველოს მოქალაქის და მისი ოჯახის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფდნენ, სანაცვლოდ კი წინასწარ, ესპანეთში გახსნილ საბანკო ანგარიშზე 1 500 ევროს გადარიცხვა, ხოლო ბილეთების თანხის - 52 940 ლარის - უკრაინაში გახსნილ ანგარიშზე გადარიცხვა ან საქართველოში მცხოვრები მათი ნათესავისთვის გადაცემა მოითხოვეს.
პროკურატურის ინფორმაციით, 2022 წლის 6 აპრილს, დაზარალებულმა 1500 ევრო გადარიცხა დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ მიწოდებულ ანგარიშის ნომერზე, ხოლო დარჩენილი თანხა - 52 940 ლარის ოდენობით, საკუთარ სახლში გადასცა გამოგონილი სახელით და გვარით გაცნობილ ზემოაღნიშნულ ბრალდებულს, რომელმაც ეს უკანასკნელი კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ ოჯახთან ერთად უპრობლემოდ შეძლებდა ამერიკის შეერთებულ შტატებში წასვლას, ვინაიდან ე.წ. დედა-შვილის მეშვეობით, თითქოსდა არაერთი მოქალაქე უკვე იმყოფებოდა ამერიკაში.