ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე ჩვენებას ბრალდებულის ძმა, თენგიზ ბასილაშვილი აძლევს. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მდინარეობს.
პროცესს ესწრება როგორც ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილი, ასევე დაზარალებული ნელი დოროყაშვილი.
სხდომის დაწყებამდე ნიკოლოზ ბასილაშვილმა აღნიშნა, რომ ის უდანაშაულოა, ვრცელ კომენტარს კი საქმის დასრულების შემდეგ გააკეთებს.
ნელი დოროყაშვილმა კი აღნიშნა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახის წევრები ფაქტობრივ უზუსტობებზე საუბრობენ, რომ ის რამენაირად "გამოაძვრინონ".
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
ნიკოლოზ ბასილაშვილს ფიზიკური ძალადობის 4 და ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ ეპიზოდზე ედება ბრალი.