„სუადი-ცოცხლად დამწვარი“ ახალგაზრდა გოგონას ისტორიაა, რომელიც ტრადიციების მსხვერპლი უბრალო მიზეზის გამო ხდება, ეს მიზეზი კი სხვა არაფერია თუ არა-სიყვარული.
17 წლის სუადი პალესტინის ერთ პატარა სოფელში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. აქ დაიბადა, აქ გაიზარდა და ამ გაუდაბნოებული მიწის გარდა არაფერი უნახავს.
სუადს მეზობლად მცხოვრები ბიჭი, ფაიეზი შეუყვარდება. გოგონა მალე ორსულდება და გონია, რომ ფაიაზი ცოლად შეირთავს, მაგრამ იმედი მალე უცრუვდება. ამბის გაგების შემდეგ ფაიაზი სოფლიდან იკარგება. 17 წლის სუადი მარტო რჩება სასტიკი ტრადიციების მიმდევარი ბრბოს წინაშე. ოჯახი კი ღირსების აღდგენის ერთადერთ იმედს მის სიკვდილში ხედავს. - სამი თვის ორსულს სიძე ნავთს ასხამს და ცეცხლს უკიდებს.
სუადი საბედნიეროდ გადარჩება. საავადმყოფოში ყოფნისას ოჯახის წევრებს მისი მოკვლის კიდევ ორი მცდელობა აქვთ. პირველად მამას, შემდეგ კი დედას.
მოვლენები საბოლოოდ სუადის სასარგებლოდ ვითარდება. კეთილი ადამიანების დახმარებით პალესტინას ტოვებს და საცხოვრებლად შორეულ ევროპაში მიდის. აქედან იწყება ახალი ეპიზოდებით სავსე მეორე ცხოვრება, რასაც, საბოლოოდ, წიგნის შექმნამდე მივყავართ.
„სუადი - ცოცხლად დამწვარი“ 2003 წელს გამოიცა საფრანგეთში და მაშინვე დიდი აღიარება მოიპოვა. წიგნს კიდევ უფრო საზარელს ხდის ის ფაქტი, რომ იგი არა მწერლის ფანტაზიის ნაყოფი, არამედ თავსგადამხდარი რეალობაა.
ნაწარმოების პოპულარობის მიუხედავად, ავტორის შესახებ ცნობები საკმაოდ მწირია. არ ვიცით მისი ნამდვილი სახელი და არც იმ სოფლის დასახელება, სადაც ის ცხოვრობდა. ცნობილია, რომ სუადმა წიგნი საერთაშორისო ფედერაციის „ადამიანთა მიწის“ თხოვნით დაწერა. ეს ორგანიზაცია ბავშვებს რასიზმის, სქესობრივი დისკრიმინაციისა და პოლიტიკური თუ რელიგიური დევნისგან იცავს.
წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2019 წელს , გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ და ამ დროიდან ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე , პალიტრა ელ წერტილი ჯი.