ცნობილი ამერიკელი მილიარდერი ჰენრი ფორდი არა მხოლოდ წარმატებული ავტომწარმოებელი, არამედ ბრწყინვალე გამომგონებელი იყო, რომელმაც 160-ზე მეტი გამოგონება დააპატენტა.
ჰენრი ფორდი 1863 წლის 30 ივლისს დაიბადა, ფერმერის ოჯახში, მიჩიგანის შტატის ქალაქ დირბონში, აქვე ააგო თავისი ქარხნები და აქვე გარდაიცვალა. მისი წინაპრები ირლანდიელები იყვნენ, რომლებიც ამერიკაში 1847 წელს ჩავიდნენ.
ბუნებით ცნობისმოყვარე, საზრიანი და ექსპერიმენტების მოყვარული ჰენრი დეტროიტის რაიონში მიმდინარე ინდუსტრიული განვითარების პროცესმა ადრეულ ასაკშივე დააინტერესა. ჰენრის ბავშვობიდანვე იზიდავდა მანქანები, უყვარდა ჩხირკედელაობა და სამჭედლოს ხშირი სტუმარი იყო.
ერთხელ, იმისთვის, რომ გაეგო, რა ენერგია ჰქონდა ორთქლს, მან დუღილის პროცესში საცობით დახურა ჩაიდნის მილი, რის შედეგადაც ჩაიდანი გასკდა. დედამისი მას „თანდაყოლილ მექანიკოსს“ ეძახდა. ხედავდნენ რა შვილის ნიჭსა და მიდრეკილებას, მშობლები სრულ თავისუფლებას აძლევდნენ მოქმედებისთვის. ერთხელაც, სკოლაში მან დაითანხმა კლასელები ორთქლის ტურბინის აშენებაში, რომელიც შემდეგ აფეთქდა, რამაც ხანძარი გამოიწვია.
როგორც ფორდი ამბობს, ცხენის გარეშე მავალმა სამგზავრო ეკიპაჟმა მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, როცა ის 12 წლისა იყო და მოგვიანებით, თავის წიგნში „ჩემი ცხოვრება, ჩემი მიღწევები“, განაცხადა: - „ის მანქანა ისე მიდგას თვალწინ, თითქოს გუშინ მენახოსო.
მეორე უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რომელიც იმავე წელს მოხდა, მისთვის ნაჩუქარი საათი იყო. მან ის დინჯად დაშალა და შემდეგ ზუსტად ააწყო. ასე ჰენრიმ საათების შეკეთება ისწავლა, თუმცა არ გააჩნდა კარგი ხელსაწყოები. საათმა მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ოცი წლის ასაკში ფორდი დაფიქრდა: საათების წარმოება ხომ არ დავიწყოო, მაგრამ შემდეგ იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ვინაიდან მოთხოვნილება საათებზე დიდი არ იქნებოდა, ამ საქმისთვის თავი უნდა დაენებებინა. საყურადღებოა, რომ ამ დროისთვის ის უკვე მასობრივი წარმოებით ინტერესდებოდა.
ამერიკაში მაშინ შემოღებული იყო ოფიციალური სარკინიგზო დრო, რომელიც მთელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ვრცელდებოდა. მაგრამ ქალაქ დირბონის მცხოვრებნი მხოლოდ ადგილობრივი დროით, „მზის მიხედვით“ ხელმძღვანელობდნენ. ახალგაზრდა ჰენრიმ ააწყო ისეთი საათი, რომელიც ერთდროულად უჩვენებდა რკინიგზისა და ადგილობრივ დროს, რაც ძალიან მოეწონა თვრამეტი წლის კლერის. მან ჩათვალა, და ალბათ არც შემცდარა ამაში, რომ ჰენრი სერიოზული ადამიანი იყო და მალე ცოლობაზეც დათანხმდა. 1888 წელს ჰენრი დაქორწინდა კლერ ბრაიანტზე (Clara Jane Bryant), ხოლო 1893 წელს შეეძინათ ვაჟიშვილი - ედსელი (Edsel).
მესამე მოვლენა, რაც მოხდა 1876 წელს და რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ცამეტი წლის ჰენრიზე, იყო ფილადელფიაში ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის ასი წლისთავის აღსანიშნავად გამართული გამოფენა. თვით ჰენრი ვერ მოხვდა გამოფენაზე, იქ მამამისი გაემგზავრა. შინ დაბრუნებულმა შვილს მოუთხრო გამოფენაზე ექსპონირებული საკვირველი მანქანების შესახებ. არ არის ცნობილი, მიაქცია თუ არა მან ყურადღება შიდაწვის ძრავას, მაგრამ მას არ შეეძლო, არ შეემჩნია ორთქლის ძრავაზე მომუშავე ლოკომოტივი და სხვა მანქანები, რადგან გამოფენაზე მათ ცენტრალური ადგილი ეკავათ.
ახალგაზრდა ჰენრიმ მამის ფერმიდან წასვლასა და საცხოვრებლად ახლომდებარე ქალაქ დეტროიტში (Detroit) გადასვლაზე დაიწყო ფიქრი. თექვსმეტი წლის ასაკში, თავის სიცოცხლეში პირველად, მიატოვა მამის სახლი და შედარებით მალე ქალაქის ერთ-ერთ ფაბრიკაში იშოვა სამსახური, რომელიც ექვს დღეში დაკარგა .ამბობენ, რომ ამის საბაბი გახდა შეკამათება ხელოსანთან: ჰენრიმ ნახევარ საათში შეაკეთა რომელიღაც მანქანა, რომლის რემონტზე ჩვეულებრივ საკმაოდ დიდი დრო იხარჯებოდა.
იქიდან ჰენრი ფორდი სხვა ფაბრიკაში გადავიდა სამუშაოდ, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ მეუღლესთან ერთად დირბორნში დაბრუნდა მშობლებთან, სადაც ფერმერობაზე ფიქრობდა. სოფელში ცხოვრება არ მოსწონდა. ის იტანჯებოდა ტექნიკის გარეშე. და აი, 1891 წელს ფორდი მეუღლესთან ერთად დაბრუნდა დეტროიტში და „დეტროიტ ედისონ ილუმინეითინგ კომპანი”-ში (Detroit Illuminating Company) დაიწყო მუშაობა ტექნიკოსად. ეს იყო ედისონის ელექტროსადგური, მაგრამ ფორდმა მხოლოდ რამდენიმე წლის მერე შეძლო გაცნობოდა ცნობილ გამომგონებელს - თომას ალვა ედისონს (Thomas Alva Edison), რომელმაც წარმოუდგენელი შთაბეჭდილება დატოვა ფორდზე.