საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ სსიპ ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლ „ბასიანსა“ და მომღერალ ლელა თათარაიძეს საჩუქრად ტრადიციული სასცენო სამოსი გადასცა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე, ანსამბლ „ბასიანის“ წევრები და მომღერალი ლელა თათარაიძე, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ახალი სასცენო სამოსის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ფოლკლორული ანსამბლების წინაშე ბევრი გამოწვევაა, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემა კი მაღალი ხარისხის, სპეციალური ესკიზების მიხედვით შექმნილი ტრადიციული სასცენო სამოსის ნაკლებობაა.
დაახლოებით 15 წელია, სახელმწიფოს ანსამბლებისთვის ახალი სამოსი არ შეუძენია, რის გამოც სამინისტროს გადაწყვეტილებით გამოცხადდა ორი ტენდერი. 2021 წლის დეკემბერში გამოიყო 197 999 ლარი 12 სხვადასხვა ანსამბლისთვის საჭირო სასცენო სამოსისა და აქსესუარების შესაძენად. ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ფაფანაკი“ ანსამბლებს ეტაპობრივად გადასცემს მათთვის შეკერილ სასცენო სამოსს. მეორე ტენდერი სამინისტრომ 8 ივნისს გამოაცხადა. გამოიყო 141 000 ლარი, რომლითაც დაიგეგმა სამოსის გადაცემა კიდევ რვა ფოლკლორული ანსამბლისთვის. ანსამბლები კულტურის სამინისტრომ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრთან თანამშრომლობით შეარჩია.