ყოფილი ბორტგამცილებლის, მარიამ კაპანაძის მიერ შექმნილი ხელნაკეთი შოკოლადების ბრენდი "შოკოტელა" ქართულ ბაზარზე პანდემიის პერიოდში გამოჩდა. კულინარია და ხელოვნება ბავშვობიდანვე მარიამის განუყოფელი ნაწილი იყო, ხოლო შოკოლადი − საყვარელი საკვები პროდუქტი. პანდემიურ პერიოდში, სამსახურის გარეშე დარჩენილმა მარიამმა, შოკოლადის წარმოების შესახებ ინფორმაციის მოძიება ონლაინ წყაროებში დაიწყო. ძიების პროცესში, იგი ხელნაკეთ არტ-შოკოლადებს გადააწყდა და მიხვდა, რომ ეს იყო საქმე, რომლისკენაც იგი ყოველთვის ისწრაფოდა.
შოკოტელას თითოეული შოკოლადი სპეციალური საკვები საღებავებითაა მოხატული. წარმოებაში გამოყენებულია ნატურალური, ცოცხალ ინგრედიენტები.
ბრენდი ამ ეტაპზე 12 სხვადასხვა სახეობის არტ შოკოლადს ქმნის. "შოკოტელა" დღესდღეობით თბილისში მხოლოდ ერთი მაღაზიით არის წარმოდგენილი. “შოკოტელას” ბუტიკი კაფე-მაღაზიასა და ღია საწარმო სივრცეს მოიცავს. მაღაზიისთვის განხორციელებულმა ინვესტიციამ 120 000 ლარი შეადგინა. პროდუქციის რეალიზაცია ასევე ონლაინპლატფორმებით ხდება.
"შოკოტელას" სამომავლო გეგმები მასშტაბურია. ბრენდი, არა მხოლოდ ასორტიმენტის გამრავალფეროვნებას და წარმოების გაფართოებას, ასევე მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში შესვლას გეგმავს.