პუტინის ახალი თავდასხმების მიუხედავად, უკრაინელმა სამხედროებმა ამ ომის დინამიკა შეცვალეს , - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ბრიუსელში “რამშტაინის” ფორმატში სხდომის გახსნისას განაცხადა.
“პუტინი ცდილობს მეტი ძალების მობილიზებას და უკრაინის ტერიტორიების რუსეთისადმი მიკუთვნილების გამოცხადებას. ის თავს ესხმის სამოქალაქო სამიზნეებსა და ინფრასტრუქტურას უკრაინულ ქალაქებში. ის იყენებს უპასუხისმგებლო მუქარებსა და რიტორიკას”, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.
ოტსინმა აღნიშნა, რომ ამის მიუხედავად, უკრაინის შეიარაღებული ძალები პარტნიორების მიერ მიწოდებული შეიარაღების დახმარებით კვლავ ახერხებენ ბრძოლის ველზე მდგომარეობის ცვლილებას.
“როდესაც ჩვენ სექტემბერში ვხვდებოდით, ყველა ვხედავდით როგორ მიაღწია უკრაინამ განსაკუთრებულ წარმატებებს ბრძოლის ველზე. პუტინის ახალი თავდასხმების მიუხედავად, უკრაინელმა სამხედროებმა ამ ომის დინამიკა შეცვალეს. მათ ასობით ქალაქი გაათავისუფლეს რუსული ოკუპაციისგან და საკუთარი მიწის ათასობით კვადრატული კილომეტრი დაიბრუნეს. ეს გამარჯვებები უკრაინის ჯარისკაცებს ეკუთვნით. თუმცა საკონტაქტო ჯგუფის უსაფრთხოებაში დახმარება, წვრთნები და მხარდაჭერის ძალისხმევები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ ერთად მუშაობით უზარმაზარ პროგრესს მივაღწიეთ და რადგან ომი შეიცვალა - ამ საკონტაქტო ჯგუფის მისიაც შეიცვალა”, - აღნიშნა ოსტინმა.