პოლონურმა ოპერატორმა PERN-მა ნავთობსადენ „დრუჟბაზე“, რომლითაც რუსეთიდან ნავთობი ევროპას მიეწოდება, გაჟონვა აღმოაჩინა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„შეგვიძლია ვისაუბროთ შემთხვევით დაზიანებაზე“, - განაცხადა სააგენტოსთან საუბარში პოლონელმა მაღალჩინოსანმა, მატეუშ ბერგერმა, რომელიც ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ საკითხებზეა პასუხისმგებელი.
მისივე თქმით, არ არსებობს საფუძველი იმის სათქმელად, რომ გაჟონვა გამოწვეული იყო დივერსიით.
კომპანია PERN-ში აცხადებენ, რომ გაჟონვა პოლონეთის ტერიტორიაზე, ქალაქ პლოკიდან 70 კილომეტრის დაშორებით მოხდა და გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით დაუდგენელია.
შეგახსენებთ, სექტემბრის ბოლოს „ჩრდილოეთის ნაკადი 1“ და ჩრდილოეთის ნაკადი 2“ გაზსადენებზე მომხდარი გაჟონვის მიზეზად დივერსიას ასახელებენ.