ადვოკატის განცხადებით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი აღნიშნავს, რომ ბრალის დამძიმების შესახებ ინფორმაცია მაშინ მიიღო, როცა შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს ესაუბრებოდა.
როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში გოგაშვილის ადვოკატი დიმიტრი ღონღაძე აცხადებს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია მას დაკავებისას ელექტრონული მოწყობილობებით „ჩაუდეს“.
„ბრალდებას ორი ახალი მუხლი დაემატა, ეს არის სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა. აღნიშნულს იოსებ გოგაშვილი აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ ეს ინფორმაციები მას 16 ივლისს, დაკავებისას, რასაც ის სპეცოპერაციას უწოდებს, სახლში „ჩაუდეს“. ამაზე არაერთი საჩივარი გვაქვს წარდგენილი და გამოძიებაც მიმდინარეობს. ამბობს, რომ ეს ინფორმაციები ელექტრომოწყობილობებით მოიტანეს და „ჩაუდეს“.
მიუხედავად იმისა, რომ საქმეს გრიფით "საიდუმლო" დაადეს, პროკურატურამ დამატებით ბრალთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და ბრალის ფორმულირება საჯაროდ გაავრცელა, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ხელყოფას შეეხება, რომ თითქოს, იოსებ გოგაშვილი საცხოვრებელ სახლში აღნიშნულ ინფორმაციას ინახავდა. ამით ცდილობენ შავი ლაქა მოსცხონ იოსებ გოგაშვილს, სანქცია იგივეა, რაც სხვა მუხლებზეა, უბრალოდ, ამით ცდილობენ მორალურად დააზიანონ იოსებ გოგაშვილი.
გარდა ამისა, ის ამბობს, მე ბრალის დამძიმების შესახებ მივიღე ინფორმაცია, როცა ვახტანგ გომელაურს ვესაუბრებოდი, რომელმაც მითხრა, რომ მდგომარეობა დამიმძიმდებოდაო. შეასრულეს და მეორე მხრივ, ბრალი ისეთ მუხლში დადეს, რომელიც მორალურად გასაკიცხი საქციელია“, - განაცხადა ღონღაძემ.
ცნობისთვის, 11 ოქტომბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს სოსო გოგაშვილს ბრალი დაუზუსტდა. მას ახალი ბრალდება სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე წარედგინა.