„უკრაინაში ომის დაწყებიდან რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს ბანკებში აღებული სესხების მოცულობა წლიურად შემცირდა, სასესხო ხელშეკრულებები კი გაიზარდა,“ - ამის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევაშია აღნიშნული.
კვლევის ავტორთა ცნობით, რუსეთის-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში აქტიურ შემოდინებას მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია, რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს ფინანსურ ორგანიზაციებში მიღებული სესხების მოცულობაზე.
კვლევის თანახმად, 2022 წლის მარტი-აგვისტოს პერიოდში რუსეთის მოქალაქეებზე გაცემულია 482,8 მილიონი ლარის მოცულობის სესხი, რაც დაახლოებით 6%-ით ჩამორჩება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მიუხედავად სესხების თანხის საერთო მოცულობის შემცირებისა 2022 წლის მარტი-აგვისტოს პერიოდში, რუსეთის მოქალაქეებთან წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 1 118-ით მეტი სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა.
ამასთან, როგორც კვლევაში აღნიშნულია, საქართველოს ეროვნული ბანკი არ ფლობდა სესხის მიმღები უნიკალური პირების რაოდენობის შესახებ ინფორმაციას.