საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით მზად ვართ პოლიტიკური კონსენსუსისა და შეთანხმებამდე მისვლისთვის! - ეს განცხადება “ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც “საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე ოპოზიციის მიერ შეთავაზებული საკანონმდებლო ინიციატივები განიხილეს.
უსუფაშვილმა უმრავლესობის წევრებს შესთავაზა, ვენეციის კომისიას შეფასებისთვის “ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ და პირველი მოსმენით მიღებულ კანონპროექტთან ერთად, ოპოზიციის პროექტიც გაეგზავნოს. როგორც მან აღნიშნა, ორივე პროექტიდან მხარს დაუჭერენ საკითხებს, რაზეც ვენეციის კომისიას დადებითი დასკვნა ექნება.
“ორივე მხრიდან არის გულწრფელი მცდელობა იმისა, რომ ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი - საარჩევნო საკითხების მოგვარება - რაც შეიძლება მაღალ დონეზე შესრულდეს. საარჩევნო თემები ყველა ქვეყანაში პოლიტიკური კონსენსუსის შედეგია. ჩვენი წინადადებაა, რომ ვენეციის კომისიამ ორივე პროექტი განიხილოს და რა საკითხზეც დადებითი დასკვნა ექნება, ჩვენს პროექტში მხოლოდ იმ საკითხს დავტოვებთ. ასევე, ხმას მივცემთ უმრავლესობის პროექტში საკითხებს, რასაც ვენეციის კომისიის პოზიტიური დასკვნა ექნება. ჩვენი პოლიტიკური ამოცანაა, საბოლოოდ მივიღოთ “საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები, რომელსაც მაქსიმალურად მაღალი მხარდაჭერა ექნება“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა.