ინვესტორების დაინტერესების კუთხით საქართველო მე-13 ადგილს იკავებს მსხვილ საერთაშორისო ეკონომიკებს შორის. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, აღნიშნულის შესახებ მსოფლიოში წამყვანი მედია და ანალიტიკური ჯგუფის Bloomberg Media-ს მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული.
კვლევაში 15 ქვეყნის, მათ შორის აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, იაპონიის, ჩინეთის, ნიდერლანდების, ესპანეთის, სინგაპურის, გერმანიის, საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების 3 351 წამყვანი კომპანიის დირექტორი მონაწილეობდა, რომლებიც თავიანთი კომპანიების პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტრატეგიას განსაზღვრავენ.
Bloomberg Media Studio-ს კვლევით, საქართველო პოპულარული საინვესტიციო მიმართულებაა და ინვესტორების დაინტერესების კუთხით მე-13 ადგილს იკავებს ისეთ მსხვილ საერთაშორისო ეკონომიკებს შორის, როგორიცაა აშშ, ჩინეთი და დიდი ბრიტანეთი.
ამავე კვლევის მიხედვით, 400-ზე მეტი წამყვანი საერთაშორისო ინვესტორი განიხილავს საქართველოში ინვესტირებას უახლოესი სამი წლის განმავლობაში. კვლევით დასტურდება, რომ ინვესტორების 44%, რომლებიც გეგმავენ ინვესტირებას საქართველოში, „ძალიან კარგად იცნობენ“ ქვეყნის ძლიერ მხარეებს, მათ შორისაა ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობა, ხელმისაწვდომი მწვანე ენერგია და გამოცდილი და კონკურენტუნარიანი მუშახელი. მათი 23% ცალკეული პროექტისთვის 100-200 მილიონამდე დოლარს განიხილავს.