2021 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 9.5 პროცენტით ანუ 113.5 ლარით გაიზარდა და 1 304.5 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
2021 წელს ქალების საშუალო თვიური ხელფასი 1 055.5 ლარით, ხოლო კაცების - 1 537.9 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში - 10.8 პროცენტი, კაცებში კი - 9.2 პროცენტი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების საშუალო თვიური ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების საშუალო თვიურ ხელფასს.
2021 წელს სახელმწიფო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 291.4 ლარით ნაკლები იყო არასახელმწიფო სექტორში დაქირავებულებთან შედარებით. ამასთან, გასულ წელს 2020 წელთან შედარებით სახელმწიფო სექტორში ხელფასი 9.1 პროცენტით, ხოლო არასახელმწიფო სექტორში 9.6 პროცენტით გაიზარდა და შესაბამისად 1 117.2 და 1 408.7 ლარი შეადგინა.