თელავში ოჯახურ ძალადობას კიდევ ერთი ქალი ემსხვერპლა. დანაშაული შეიძლებოდა თავიდან აცილებულიყო, რომ არა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის შედეგადაც ქალზე ძალადობისთვის დაკავებული პირი, რომელმაც რამდენიმე დღეში მკვლელობა ჩაიდინა, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
26 წლის მარიამ გამტკიცულაშვილი მოკლა 22 წლის მამაკაცმა, რომელთანაც არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა.
ახალგაზრდა ქალი ტრაგედიამდე დედას სწერდა, რომ მამაკაცი მასზე ძალადობდა და დახმარება სჭირდებოდა. ambebi.ge დაუკავშირდა მოკლული ქალის დედას ლელა ფირანიშვილს, რომელიც მწვავედ აკრიტიკებს მოსამართლეს, რომელმაც მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე, მოძალადე მამაკაცი სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. როგორც ლელა ფირანიშვილი აცხადებს, ის თავადაც მოითხოვდა 22 წლის თორნიკე გამხვეტელაშვილის პატიმრობაში დატოვებას, რადგან დანაშაულის ჩადენის საფრთხეს ხედავდა. ახალგაზრდა კაცი ქალზე ხშირად ძალადობდა და ფიზიკურად უსწორდებოდა, რაც მოსამართლისთვის ცნობილი იყო, თუმცა მან ბრალდებულის გირაოთი გათავისუფლების გადაწყვეტილება მაინც მიიღო.
"მოსამართლეს არ უნდა გამოეშვა ის გარეწარი, მით უმეტეს, მე რომ მივედი დაკითხვაზე, ეს ფაქტები, ყველაფერი მოვყევი, იმ რისკზეც მივდიოდი, რომ ბავშვი მიმეყვანა და მასაც მოეყოლა ყველაფერი, ოღონდ ის მკვლელი გარეთ არ ყოფილიყო. მოსამართლეს ვეკითხები, რატომ გამოიყენა გირაო და გამოუშვა ეს გარეწარი გარეთ?! რატომ დაუშვა ეს ყველაფერი, ის რომ ცოტა ხანს პატიმრობაში ყოფილიყო, ჩემი შვილი ცოცხალი იქნებოდა.
ვიდრე ის პატიმრობაში იქნებოდა, ჩემი შვილი წავიდოდა და გადარჩებოდა. არ იწვებოდა ახლა ყელგამოჭრილი. ეშინოდა, სულ მწერდა და დახმარებას მთხოვდა. მაგას კონკრეტული მოტივი არ სჭირდებოდა, ნებისმიერი მიზეზით შეიძლებოდა ეძალადა. ჩემთანაც კი არ უშვებდა, იცოდა, რომ მე მაგასთან ურთიერთობის წინააღმდეგი ვიყავი.
ჯერ ვერც ვიაზრებ რა მოხდა. ასე როგორ გაიმეტა", - ამბობს ლელა ფირანიშვილი.
დედა აქვეყნებს მიმოწერას შვილთან, რომელიც დედას დახმარებას სთხოვდა...წაიკითხეთ სტატია სრულად