აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
გერმანიის მთავრობის ცნობით, საუბარი დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა და მის ცენტრალურ საკითხს „დიდი შვიდეულის“ და „დიდი ოცეულის“ მომავალი შეხვედრებისთვის მზადება წარმოადგენდა, რომელიც განიხილავს რუსეთის შეჭრას უკრაინაში და მის შედეგებს.
„კანცლერი და შეერთებული შტატების პრეზიდენტი შეთანხმდნენ, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსია გაერო-ს წესდების პრინციპების მასიური დარღვევაა, უცხო ტერიტორიის ძალადობრივი მიტაცების მცდელობად უნდა ჩაითვალოს და ამის მიღება არასდროს მოხდება“, - ნათქვამია განცხადებაში.
გერმანიის მთავრობის ინფორმაციით, ბაიდენმა და შოლცმა ასევე გაიზიარეს მოსაზრება, რომ რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადება "სერიოზული შეცდომა" იყო.
"ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რა „მწარე ფასს“ იხდიან რუსეთის მოქალაქეებმა პრეზიდენტ პუტინის არასწორი გათვლებისთვის. მათ გააკრიტიკეს მოსკოვის ბოლოდროინდელი ბირთვული საფრთხეები, შეაფასეს, როგორც უპასუხისმგებლო და შეთანხმდნენ, რომ ასეთ ნაბიჯს ძალიან სერიოზული შედეგები მოჰყვება რუსეთისთვის", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
გერმანიის მთავრობის განცხადებით, შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს, რომ რუსეთის უარს საომარი მოქმედებების შეწყვეტის საერთაშორისო მოთხოვნების შესრულებაზე ქვეყანა მზარდ საერთაშორისო იზოლაციამდე მიჰყავს.