2022 წლის მეორე კვარტალში ვალუტის გადამცვლელმა პუნქტებმა 949,8 მილიონი რუბლი იყიდეს - ამის შესახებ IDFI-ის კვლევაშია ნათქვამი, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ (24 თებერვლიდან-31 აგვისტომდე) პერიოდს მოიცავს.
ამასთან, კვლევის თანახმად, საანგარიშო პერიოდში სავალუტო ჯიხურებმა 929,4 მილიონი რუბლი გაყიდეს, რაც დაახლოებით სამჯერ მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
გარდა ამისა, როგორც კვლევაშია აღნიშნული, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 31 აგვისტომდე პერიოდში საქართველოს კომერციულ ბანკებში ახალი ანგარიშები რუსეთის 45 349 მოქალაქემ და რუსეთში რეგისტრირებულმა 19-მა იურიდიულმა პირმა გახსნა.
ამასთან, 2022 წლის მარტი-აგვისტოს პერიოდში რუსეთის მოქალაქეებზე გაცემულია 482,8 მილიონი ლარის მოცულობის სესხი, რაც დაახლოებით 6%-ით ჩამორჩება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. მიუხედავად სესხების თანხის შემცირებისა, საანგარიშო პერიოდში 1,118-ით მეტი სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა.