აზარტული თამაშების საქმიანობებით დაკავებული საწარმოთა ბრუნვა რეკორდულად იზრდება. მათ მიერ ბიუჯეტში გადახდილი თანხა კი ბრუნვის მაჩვენებელზე 600-ჯერ ნაკლებია. პროცენტულად კი სექტორი ბიუჯეტში ბრუნვის მხოლოდ 0,2%-ს იხდის.
უფრო კონკრეტულად, ოფიციალური მონაცემებით, 2021 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 47.938 მლრდ ლარი შეადგინა. მთლიანად კი გასულ წელს სათამაშო ბიზნესის წილი ბიზნეს სექტორის მთლიან ბრუნვაში 32%-მდე გაიზარდა. აღსანიშნავია ისიც, რომ 2021 წელს ბრუნვის მიხედვით 10 ყველაზე დიდ კომპანიას შორის 6 სწორედ აზარტული თამაშებისაა.
როგორც ამ რიცხვებიდან ჩანს, საქართველოში აზარტული თამაშები კვლავ ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესია და მისი ბრუნვა ყოველწლიურად რეკორდულად მატულობს.
რაც შეეხება სექტორის მიერ ბიუჯეტში გადახდილ თანხას, ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული, ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, 2021 წელს აზარტული თამაშებიდან ბიუჯეტში, ჯამში 78,406 მლნ ლარი შევიდა, აქედან სისტემურ ელექტრონული ფორმის თამაშებზე (ონლაინ კაზინოები) 12,133 მლნ ლარი მოდის. ამავე მონაცემების მიხედვით, 2020 წელს, როდესაც ობიექტები დახურული იყო, სათამაშო ბიზნესიდან ბიუჯეტში 19 261 560 ლარი შევიდა. რაც შეეხება პანდემიამდელ, 2019 წელს, სათამაშო ბიზნესმა ბიუჯეტში 128,401 მლნ ლარი გადაიხადა.