საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2022 წლის სექტემბერში პანდემიამდელ 2019 წლის სექტემბერთან შედარებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 8%-ით გაიზარდა. კერძოდ, 2022 წლის სექტემბერში, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტით 99 079 მგზავრმა ისარგებლა.
მათივე ცნობით, საანგარიშო პერიოდში მგზავრთნაკადის გარდა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიარეისების რაოდენობის კუთხითაც ზრდა იყო. სექტემბერში, აეროპორტში რეისები 38%-ით გაიზარდა და 418 რეისს მოემსახურა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 6 ავიაკომპანია 17 ქვეყნის 28 მიმართულებით ოპერირებს. შეგახსენებთ, 10 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენი-დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება. ამ პერიოდში ქუთაისის აეროპორტში ოპერირებადი ავიაკომპანიები ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შეასრულებენ.