საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 6 ოქტომბერს, თბილისში, მირიან მეფის გამზირზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში, უცხო ქვეყნის მოქალაქემ ურთიერთშელაპარაკებისას დაზარალებულს დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა, რომლის შედეგად იგი ადგილზე გარდაიცვალა.
მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული 7 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.