რაჭაში რთველი დაიწყო.9 ოქტომბრის მონაცემებით, გადამუშავებულია 275 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი. მთავრობის გადაწყვეტილებით, რაჭის რეგიონში სუბსიდირების პროგრამა ხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს ხვანჭკარას მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს და მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 7 ლარს. რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში, კომპანიებზე 1 კგ ალექსანდროულისა და 1 კგ მუჯურეთულისთვის 4 ლარის ოდენობის სახელმწიფო სუბსიდია გაიცემა. ამ ეტაპზე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ლოკაციაზე ყურძნის ჩასაბარებელი 25-მდე პუნქტია გახსნილი, რაც მოსახლეობას მოსავლის შეუფერხებელი დაბინავების შესაძლებლობას აძლევს. ადგილწარმოშობის ღვინო „ხვანჭკარის“ ჯიშობრივი სიზუსტის დაცვისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ყურძნის მიმღებ ყველა პუნქტზე ამპელოგრაფები მონიტორინგს უწევენ ჩასაბარებელი ყურძენს. ამასთან, რეგიონის შემოსასვლელებში მოწყობილია სპეციალური ბლოკპოსტები, რათა არ მოხდეს ყურძნის სხვა მუნიციპალიტეტებიდან შემოტანა და მუჯურეთულსა და ალექსანდროულში შერევა. რთველი 2022-ის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ქალაქ ამბოლაურში რთველის საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა.