ღვინობისთვის ტრადიციადქცეული ფესტივალი უკვე მეოთხედ გააერთიანებს ქართული ღვინისა და კულტურის მოყვარულებს.მოსულ სტუმრებს ადგილზე დახვდებათ ქართული გემოები და ქართველი მეწარმეები, რომელთა შორისაც ბევრ ახალს აღმოაჩენენ. გარდა ღვინისა, ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ჩირი, ჩურჩხელა, ყველი, ხელნაკეთი აქსესუარები და სხვა.გამოფენა-გაყიდვასა და დეგუსტაციასთან ერთად, შესაძლებელი იქნება ცოცხალი მუსიკის მოსმენა, როგორც ფოლკლორული ანსამბლების, ასევე ბენდების. ფესტივალი მთელი დღის განმავლობაში იქნება დატვირთული გასართობი პროგრამებით. მიმების შოუ, დრამების შოუ, ოჩოფეხები, ცეცხლის შოუ - ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც სიონის ქუჩაზე მოსულ სტუმრებს ელოდებათ.„ქართული ღვინის ფესტივალი 2022-ის“ სპონსორია „კოკა-კოლა“, რომლის სტენდთანაც სტუმრებს არაერთი სიურპრიზი და გათამაშება დახვდებათ.ფესტივალის პარტნიორები არიან: „პალიტრა ჰოლდინგი“, „მეიდან ჯგუფი“, პრემიუმ ხარისხის ღვინის შესაფუთი მასალების მიმწოდებელი კომპანია „ვაინპაკი“ და „თბილისის ღვინის მუზეუმი“, რომელსაც ფესტივალის სტუმრებისთვის განსაკუთრებული შეთავაზება აქვს: 8 ოქტომბერს, ფესტივალის მიმდინარეობისას, 14:00-15:00 და 17:00-18:00 საათებში ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა სრულიად უფასოდ დაათვალიეროს „თბილისის ღვინის მუზეუმის“ მისტიკური სივრცეები.