უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებისთვის საკუთარი საზოგადოების მომზადება დაიწყო, თუმცა ფიქრობს, რომ რუსეთი ამის გასაკეთებლად მზად არაა.
„ისინი იწყებენ თავიანთი საზოგადოების მომზადებას. ეს ძალიან საშიშია. ისინი არ არიან მზად ამის გასაკეთებლად, გამოსაყენებლად, მაგრამ იწყებენ კომუნიკაციას. არ იციან გამოიყენებენ თუ არა. ვფიქრობ, საშიშია ამაზე ლაპარაკიც კი“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, მისი თქმით, რუსეთზე დარტყმების განხორციელებისკენ არ მოუწოდებია და მისი კომენტარი არასწორად გადათარგმნეს. კერძოდ, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მან „პრევენციულ დარტყმებში“ იგულისხმა სანქციები და არა თავდასხმები.
უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ახლა საჭიროა ქმედება, რადგან რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე რისკს უქმნის მთელ პლანეტას. მისი თქმით, მოსკოვმა "უკვე გადადგა ნაბიჯი" ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის, ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის ოკუპაციის გზით, სადაც დაახლოებით 500 რუსი ჯარისკაცი იმყოფებოდა, თუმცა უკრაინული პერსონალი კვლავ მუშაობს.
"მსოფლიოს შეუძლია სასწრაფოდ შეაჩეროს რუსი ოკუპანტების ქმედებები. შეუძლია ასეთ შემთხვევებში სანქციების პაკეტი განახორციელოს და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ მათ ატომური ელექტროსადგური დატოვონ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.