თურქულ მხარესთან ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე, თავდაცვის ძალები ახალ, ნატო-ს სტანდარტების ჯავშანტრანსპორტიორებს მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, თურქული კომპანიის წარმომადგენლებს დღეს თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლეს.
შეხვედრის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალ კომპანია ASFAT– ს შორის შეთანხმება გაფორმდა, რომლის საფუძველზე თავდაცვის ძალებს ახალი მაღალი გამავლობის ჯავშანტრანსპორტიორები გადმოეცემა.
უწყების ცნობით, ჯავშანტრანსპორტიორები მისი აღჭურვილობითა და ქვესისტემებით ნატო-ს სტანდარტების შესაბამისია.
„საქართველოს თავდაცვის ძალების აღჭურვა აღნიშნული ჯავშანტრანსპორტიორებით მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და თურქეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.