პრაღაში, დღეს ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური შეხვედრა გაიმართება. ევროპული საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროკავშირის ლიდერები სამ ყველაზე აქტუალურ და ურთიერთდაკავშირებულ საკითხს განიხილავენ. კერძოდ, ეს საკითხებია: რუსეთის ომი უკრაინაში, ენერგორესურსები და ეკონომიკური მდგომარეობა.
„ლიდერები განიხილავენ ევროკავშირის პასუხს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომზე და კრემლის მხრიდან მუდმივ ესკალაციაზე, მათ შორის სამობილიზაციო კამპანიის ორგანიზებას, ყალბ, იძულებით „რეფერენდუმებს“ და დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების უკანონო ანექსიას“, - აღნიშნულია ევროპული საბჭოს პრესრელიზში.
მათივე განმარტებით, ამ კონტექსტში, ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ, თუ როგორ გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა, მათ შორის ეკონომიკური, სამხედრო, პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერა, ასევე, როგორ უნდა დაიცვან ევროკავშირის კრიტიკული ინფრასტრუქტურა.