ავსტრიაში წლის სპორტსმენის საზეიმო ცერემონიალზე ქართველი ფეხბურთელი ლუკა ლოჩოშვილი დააჯილდოვეს. მან და კრისტოფერ ვერნიტცნიგმა "წლის ემოციის" პრიზი მიიღეს მოედანზე ფეხბურთელის გადარჩენისთვის. გასულ სეზონში, როცა კრემონეზეს მცველი ჯერ კიდევ ავსტრიული ვოლფსბერგერის ღირსებას იცავდა, აუსტრიას გოლკიპერმა გეორგ ტაიგლმა ორთაბრძოლისას "ენა გადაყლაპა" და გონება დაკარგა. ლუკამ და კრისტოფერმა ექიმის მოსვლამდე პირველი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს მას და, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, მეკარის სიცოცხლე იხსნეს.
ლუკა ნაპოლისთან მატჩისთვის ემზადება და ამიტომაც იტალიიდან ჩაერთო ცერემონიალში: "ბოდიში, რომ ვერ ვესწრები ღონისძიებას - ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს კვირას ნაპოლის წინააღმდეგ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ პრიზი დავიმსახურე, მაგრამ უფრო ის მახარებს, რომ გეორგი კარგადაა და ამაში მე და კრისტოფერს ღვაწლი მიგვიძღვის", - განაცხადა ქართველმა მცველმა.
სხვათა შორის, ავსტრიის წლის საუკეთესო სპორტსმენი ფეხბურთელი გახდა, რეალიც მცველი დავიდ ალაბა. 9 ოქტომბერს ლოჩოშვილის კრემონეზე ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლის მასპინძლობს, ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია.