ვფიქრობ, რეალურად, ამ რთულ პერიოდში საქართველოს უძლიერესი სტრატეგიული პოზიცია უჭირავს, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ენდრიუ უებერმა ქართველ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას რა საფრთხეები ემუქრება ქვეყანას რუსეთისგან იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია და როგორ უნდა ვიმოქმედოთ ამ რთულ დროს.
„ჩვენ ვუყურებთ, როგორ საშინლად წარმოაჩენენ თავს რუსი სამხედროები უკრაინის ომში. მათი სისუსტით ბევრი ადამიანი გაკვირვებულია. იქ არის კორუფცია და არაკომპეტენტურობა და ვფიქრობ, ეს საქართველოს ისეთ ძლიერ პოზიციაზე აყენებს, როგორც არასდროს ყოფილა“, - აღნიშნა ყოფილმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.
ამასთან, მან უპასუხა შეკითხვას რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოდინებასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა, რომ მიესალმება საქართველოს ნაბიჯს, კარი გაუღოს ადამიანებს, რომლებსაც უკრაინის ომში მონაწილეობა არ სურთ. „ვხედავთ, რომ ათასობით რუსი მამაკაცი ცდილობს უკრაინის წინააღმდეგ ამ სამარცხვინო, არაპროვოცირებულ თავდასხმაში მონაწილეობა თავიდან აიცილოს. ისინი ჩამოდიან საქართველოში, ყაზახეთში. მივესალმები საქართველოს მიერ კორუფციული სისტემის ლტოლვილებისთვის კარის გაღებას. მათ არ სურთ მოძმე უკრაინელების წინააღმდეგ ბრძოლა ამ არასაჭირო, საშინელ ომში“, - აღნიშნა ენდრიუ უებერმა.