ჩრდილოეთ კორეამ ხუთშაბათს კიდევ ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
სამხრეთ კორეამ და იაპონიამ განაცხადეს, რომ ხუთშაბათს გაშვებულმა პირველმა რაკეტამ, დაახლოებით 350 კმ მანძილი დაფარა, მეორემ კი - 800 კმ.
ფხენიანი აცხადებს, რომ რაკეტების გაშვება აშშ-ისა და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო წვრთნების მიმართ საპასუხო ზომებს წარმოადგენს.
სამშაბათს ჩრდილოეთ კორეის მიერ გაშვებულმა რაკეტამ იაპონიას გადაუფრინა. აღნიშნული ფაქტის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო შეხვედრა მოიწვია.
შეხვედრაზე შეერთებულმა შტატებმა დაადანაშაულა რუსეთი და ჩინეთი, რომ ისინი ჩრდილოეთ კორეას უფრო მკაცრი სანქციებისგან იცავენ.
ჩინეთისა და რუსეთის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დიალოგი უკეთესია, ვიდრე დასჯა.
ოთხშაბათს შეერთებულმა შტატებმა, იაპონიამ და სამხრეთ კორეამ ჩაატარეს სამხედრო წვრთნები, რომლებიც, მათი თქმით, ჩრდილოეთ კორეის მიერ სამშაბათს გაშვებული რაკეტის საპასუხო ნაბიჯი იყო.